ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობის იდეა 2013 წელს ჩატარებული კვლევის შემდეგ გაჩნდა. მაშინ კვლევამ აჩვენა, რომ ყოველწლიურად პალიატიური დახმარება 18 წლამდე ასაკის 839 ბავშვს სჭირდებოდა.
2015 წლიდან ფონდ„ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით, ორგანიზაცია ააიპ „ბავშვთა ჰოსპისმა", განახორციელა, შინ ზრუნვა 0-18 წლამდე პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. შინ ზრუნვის სამსახურისთვის საოფისე ფართი უსასყიდლოდ გამოყო სამედიცინო კორპორაცია „ევექსმა"
შინ ზრუნვის სამსახურმა დაიწყო მუშაობა პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. სერვისის მთავარი მიზანი ბავშვებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათი ოჯახის წევრების თანადგომაა.
ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა 2015 წლის ოქტომბერში ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" ინიციატივით, სამედიცინო კორპორაცია „ევექსის" და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სარეზერვო ფონდის პირველი ფინანსური შენატანით დაიწყო.
2017 წლის
17 იანვარს პირველი ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა" გაიხსნა .
მას შემდეგ ჰოსპისს ასობით დონორი გამოუჩნდა რიგითი მოქალაქეებისა და ბიზნეს-კომპანიების სახით. ერთი წლის განმავლობაში ჰოსპისის მშენებლობისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა.
ბავშვთა ჰოსპისის პროექტი ბიზნესის, არასამთავრობო სექტორის, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და მოქალაქეების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია.
"ციცინათელების ქვეყანა" შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.
როცა ბავშვები და მათი მშობლები ხვდებიან, რომ სენი განუკურნებელია,
პალიატიური მზრუნველობა თამაშობს უდიდეს როლს მათი ფსიქოლოგიური, ფიზიკური და
სულიერი მდგომარეობის შემსუბუქებაში. ჰოსპისის გუნდი ცდილობს ბავშვები
გააბედნიერონ, შეუმსუბუქონ ტკივილი და აუხდინონ სურვილები.
ციცინათელების ჰოსპისის კონცეფცია არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავლის" მიხედვით შემუშავდა.
„ციცინათელების ქვეყანა" სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს; 24- საათიანი მომსახურეობა ერთდროულად 10 ბავშვისა და მშობლისთვის; დღის
ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დილიდან საღამომდე ყოვნდებიან საჭირო მომსახურეობის
მისაღებად; შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც უკვე სამი წელია არსებობს და ამ ეტაპზე 60 ბავშვს ემსახურება.