19 სექტემბერს, სასტუმრო "რუმსის" ბაღში ბავშვთა ჰოსპისის "ციცინათელების ქვეყანა" მხარდასაჭერად რიგით მესამე საქველმოქმედეო აუქციონი გაიმართა, სადაც 67 ათასი აშშ დოლარის მობილიზება მოხდა. აუქციონზე წარმოდგენილი ნამუშევრების ავტორებს შორის იყვნენ ოლეგ ტიმჩენკო, ნიკო ცეცხლაძე, სალომე რიგვავა, ნინო მორბედაძე, თუთუ კილაძე, მაკა ჯებირაშვილი და სხვები. მხატვრებმა ჰოსპისს ნამუშევრები უსასყიდლოდ გადასცეს.
"მადლობას ვუხდით ყველა კომპანიას, ორგანიზაციას, ხელოვანებს და გულშემატკივარ მოქალაქეებს, ვინც პირველივე დღიდან გვენდო და ჰოსპისის აშენებაში და განვითარებაში დაგვეხმარა. ბავშვთა ჰოსპისი არის ერთერთი ყველაზე წარმატებული შემთხვევა, როცა სამოქალაქო სექტორმა, ბიზნესმა და პრეზიდენტმა ერთად შექმნეს ადგილი, სადაც უკურნებელი დაავადების მქონე ბავშვები და მათი მშობლები თავს ყველაზე დაცულებად გრძნობენ"- ქეთი ხუციშვილი, ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო".
ბავშვთა ჰოსპისი "ციცინათელების ქვეყანა" 2017 წელს გაიხსნა. ჰოსპისის შექმნაზე მუშაობა ფონდმა 2013 წელს ავშვთა პალიატიური მზრუნველობის საჭიროების შესახებ კვლევის ჩატარებების შემდეგ დაიწყო. კვლევის შედეგების მიხედვით, პალიატიური მზრუნველობის მომსახურება საქართველოში წელიწადში 840 ბავშვს ესაჭიროება. აქედან, 30-მდე ბავშვს ჰოსპისური მზრუნველობა, რაც გულისხმობს სტაციონარული პალიატიურ მზრუნველობას ჰოსპისში.
სტაციონარის პარალელურად ფუნქციონირებს დღის ცენტრი და შინ ზრუნვის მომსახურება. "ციცინათელების ქვეყანაში" ყველა სახის მომსახურება უფასოა.
ჰოსპისი მხოლოდ კერძო შემოწირულობებით არსებობს. ფუნქციონირებისთვის საჭიროა წლიური ბიუჯეტი მინიმუმ 500 ათასი ლარია