დონაცია
10 ოქტომბერს ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი
28/12/2015
28/12/2015
10 ოქტომბერს ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი

10 ოქტომბერს, ჰოსპისისა და პალიატიური მზრუნველობის დღეს, საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. უკვე რამდენიმე წელია ფონდი "ღია საზოგადოება -საქართველო" ბავშვთა ჰოსპისის შექმნას ცდილობს. ამ იდეის განხორციელება სამედიცინო კორპორაცია "ევექსის", საქართველოს პრეზიდენტისა და ინდივიდუალური დონორების დახმარებით გახდა შესაძლებელი. ინდივიდუალური დონაციები იწყება 100 ლარიდან და ადის 50 000 ლარამდე. პროექტს მხარს უჭერენ ცნობილი ქართველი მხატვრები, რომლებმაც საკუთარი ნახატები გადასცეს ჰოსპისს. საძირკვლის ჩაყრის ცერემონია ჰოსპისის მშენებლობის ადგილზე, სოფელ დიღომში გაიმართა. საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ , ფონდი "ღია საზოგადოება- საქართველოს" დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა და "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ ჰოსპისის საძირკველში მემორიალური კაფსულა მოათავსეს.                                                           ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა 2016 წლის ბოლოს დასრულდება. ეს იქნება პირველი სახლი, სადაც ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები სრულიად უფასოდ პალიატიური მზრუნველობას მიიღებენ. ბავშვთა ჰოსპისი სამი ძირითადი მიმართულებიტ იმუშავებს; 24 საათიანი სტაციონარული მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისთვის, დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დღის განმავლობაში მიიღებენ საჭირო მომსახურებას და შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც ბინაზე მოემსახურება ბავშვებს. აღსანიშნავია, რომ ბავშვებისთვის შინ ზრუნვის სამსახური ფონდი "ღია საზოგადოება- საქართველოს" ინიციატივით და სამედიცინო კორპორაცია "ევექსის" ხელშეწყობით საქართველოში უკვე ფუნქციონირებს და თბილისის მასშტაბით 15 ბავშვს და მათ მშობლებს სრულიად უფასოდ ეხმარება.                                                                                                                         ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამამ 2013 წელს კვლევა ჩაატარა,რომლის მიზანი იყო ბავშვებისთვის პალიატიური მზრუნველობის საჭიროების შესწავლა. როგორც კვლევავ აჩვენა, საქართველოში პალიატიური მზრუნველობა ყოველწლიურად 0-დან 18 წლამდე 839 ბავშვს ესაჭიროება.                                                                                                                                                        საძირკვლის ჩაყრის დღეს, პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებული მიღება გამართეს. პრეზიდენტი შეკრებილ საზოგადოებას პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ესაუბრა. ღონისძიებას პროექტის დონორები და ელჩები ესწრებოდნენ. პროექტის ინიციატორებმა და დონორებმა აღნიშნეს, რომ ეს არის სამაგალითო და უნიკალური პროექტი, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და საჯარო სექტორის ეფექტურად თანამშრომლობის თვალსაზრისით.