საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობა დაიწყო
გააზიარე:
16/12/2015
16/12/2015
საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობა დაიწყო
2015 წლის 10 ოქტომბერს, ჰოსპისისა და პალიატიური მზრუნველობის საერთაშორისო დღეს, საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. უკვე რამდენიმე წელია ფონდი 'ღია საზოგადოება-საქართველო' ბავშვთა ჰოსპისის შექმნას ცდილობს. ამ იდეის განხორციელება სამედიცინო კორპორაცია 'ევექსის', საქართველოს პრეზიდენტის და ინდივიდუალური დონორების დახმარებით გახდა შესაძლებელი. ინდივიდუალური დონაციები იწყება 100 ლარიდან და ადის 50 000 ლარამდე. პროექტს მხარს უჭერენ ცნობილი ქართველი მხატვრები, რომლებმაც საკუთარი ნახატები გადასცეს ჰოსპისს.
საძირკვლის ჩაყრის ცერემონია ჰოსპისის მშენებლობის ადგილზე, სოფელ დიღომში გაიმართა. საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ, ფონდი 'ღია საზოგადოება-საქართველოს' დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა და "სამედიცინო კორპორაცია ევექსის' გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ ჰოსპისის საძირკველში მემორიალური კაფსულა მოათავსეს.
ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა 2016 წლის ბოლოს დასრულდება. ეს იქნება პირველი სახლი, სადაც ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები სრულიად უფასოდ პალიატიური მზრუნველობის მომსახურებას მიიღებენ.
ბავშვთა ჰოსპისი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: 24 საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისთვის, დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დღის განმავლობაში მიიღებენ საჭირო მომსახურებას და შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც ბინაზე მოემსახურება ბავშვებს.